საფრანგეთში საპროტესტო აქციები განახლდა, დილიდან რამდენიმე ქალაქში სასწავლებლების შესასვლელებია ბლოკირებული
საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები განახლდა. ორკვირიანი არდადეგების შემდეგ პარიზში, ელენ ბუშეს სახელობის ლიცეუმში სასწავლო პროცესი კვლავ შეფერხებულია.
დილიდან სასწავლებლის შესასვლელი მოსწავლეებმა ნაგვის კონტეინერებით გადაკეტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკადაში თავდაპირველად დაახლოებით 20 მოსწავლე მონაწილეობდა.
საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, ამ დროისთვის საპროტესტო მოქმედებები შედარებით მცირე მასშტაბისაა. რადიოსადგურ „ფრანს ინტერის“ ეთერში მინისტრმა აღნიშნა, რომ სასწავლებლების ბლოკირება ძირითადად პარიზის რეგიონში, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და ტულუზაში ფიქსირდება. თუმცა მას ბლოკირებული სკოლების ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
განათლების მინისტრმა დემონსტრანტებს მოუწოდა, მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების საშუალება მისცენ. მისი განცხადებით, პროტესტის გამოხატვა მოქალაქეთა უფლებაა, თუმცა სხვებისთვის სკოლაში შესვლის შეზღუდვა უკანონოა. ჟეფრემ სასწავლო პროცესის სრულფასოვან აღდგენას ხელისუფლების აბსოლუტური პრიორიტეტი უწოდა.
მოსწავლეთა და სტუდენტთა ორგანიზაციები საპროტესტო მოძრაობის გაგრძელებას გეგმავენ. მათი მოწოდებით, სასწავლებლების ბლოკირება 3 ნოემბერსაც უნდა გაგრძელდეს.
ახალი მობილიზაცია დაგეგმილია 5 ნოემბერსაც, როდესაც საფრანგეთში სხვადასხვა პროფესიული გაერთიანების საპროტესტო გამოსვლებია დაანონსებული.