საფრანგეთში მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელი შესაძლოა, შეამსუბუქონ
საფრანგეთში მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელი შესაძლოა, შეამსუბუქონ

საფრანგეთის მთავრობა მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. როგორც რადიოსადგურ France1-თან ინტერვიუში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარ კოლონმა განაცხადა, მარიხუანის მომხმარებლები დაპატიმრების ნაცვლად შესაძლოა, დაჯარიმდნენ.

ინიციატივის მიუხედავად, მარიხუანის მოხმარება მაინც სისხლის სამართლით დასჯად დანაშაულად დარჩება.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მთავრობა კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს კვირებში წარუდგენს.

როგორც France24 იტყობინება, საფრანგეთში მარიხუანის მოხმარების წინააღმდეგ ევროპაში ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს.

მკაცრი კანონმდებლობის მიუხედავად, საფრანგეთში მაღალია ამ მცენარის მოხმარების სტატისტიკა. კერძოდ, კვლევების თანახმად, ქვეყანაში საშუალოდ 17 მილიონ ადამიანს გაუსინჯავს მარიხუანა, 1,4 მილიონი ადამიანი კი მას რეგულარულად მოიხმარს, მათ შორის 700 ათასი – ყოველდღიურად.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანის მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ერთ წლამდე პატიმრობა ან 3750 ევრომდე ჯარიმა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მთავრობის ახალი ინიციატივა მარიხუანის მომხმარებლის 150-დან 200 ევრომდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.