საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამკაცრების მოთხოვნით მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აქციები გამართეს
საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამკაცრების მოთხოვნით მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აქციები გამართეს

საფრანგეთში კორონავირუსის წინააღმდეგ შეზღუდვების გამკაცრების მოთხოვნით მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

ქალაქ სენ-ნაზერში გამართულ აქციაზე მოსწავლეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

მოსწავლეები სკოლებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომების გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდნენ. მათი განცხადებით, ამჟამად მოქმედი შეზღუდვები არასაკმარისია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სან-ნაზერში დემონსტრაციაში 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები ესროლეს, პოლიციამ კი, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია 17 ადამიანი.

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, სკოლებში პრევენციული ზომების გამკაცრების მოთხოვნით საპროტესტო აქცია პარიზში მასწავლებლებმაც გამართეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მასწავლებლები კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას ითხოვენ, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელება.

საფრანგეთში პირველ დეკემბრამდე გამოცხადებული საყოველთაო კარანტინი მოქმედებს, რა დროსაც მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეზღუდებათ, თუმცა გაზაფხულზე გამოცხადებული კარანტინისგან განსხვავებით, სკოლები ღია რჩება.