საფრანგეთში ფერმერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ
საფრანგეთში ფერმერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ

საფრანგეთში ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტებმა დღეს ქვეყნის მასშტაბით 60-მდე დასახლებაში გამართეს დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც ავტომაგისტრალებზე მანქანების მოძრაობას უშლიან ხელს.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან დიზელის საწვავზე გადასახადების შემცირებას მოითხოვენ. სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეარბილოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა. კერძოდ, საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, დაუმუშავებელი დატოვოს კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი, რათა ბიომრავალფეროვნება იყოს შენარჩუნებული.

აქციების პარალელურად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად, საგანგებო შეხვედრას მართავს. ფრანგული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ხელისუფლება ფერმერების ზოგიერთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს ან კომპრომისზე წავა.