საფრანგეთში ეროვნული ჟანდარმერიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ერთი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა
საფრანგეთში ეროვნული ჟანდარმერიის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ერთი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა

საფრანგეთში ეროვნული ჟანდარმერიის ვერტმფრენი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ინციდენტი ლუარეში მდებარე ბრე-სენ-ენიანის ტყეში მოხდა. ვერტმფრენი დაკარგული მოზარდის სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბორტზე სამი ჟანდარმი იმყოფებოდა. პილოტი და ბორტმექანიკოსი მძიმე მდგომარეობაში ორლეანის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მესამე სამხედრო კი ადგილზე გარდაიცვალა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

როგორც მედია წერს, მოზარდი, რომელიც ერთი დღით ადრე გაუჩინარდა, მოგვიანებით იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ევროპაში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა. 3 ივნისს დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ვერტმფრენი დევონის საგრაფოში ჩამოვარდა, რასაც სამი სამხედრო ემსხვერპლა. ორი დღით ადრე ჩეხეთში, პრაღის მახლობლად მომხდარ ავიაკატასტროფას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.