საფრანგეთში ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართება
საფრანგეთში ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართება

საფრანგეთში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა დღეს გაიმართება.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ტულონის მახლობლად, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში შეხვდებიან.

გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, მერკელი და მაკრონი ბელარუსში შექმნილ ვითარებას განიხილავენ, ასევე ისაუბრებენ ლიბანის, მალიში სახელმწიფო გადატრიალებისა და ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებების საკითხებზე.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების განხილვის თემას ასევე კორონავირუსის პანდემიის გამოწვეული კრიზისი წარმოადგენს.

დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერების საგანგებო ვიდეოკონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბელარუსს შეეხებოდა. სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ასევე სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.