საფრანგეთში 72 წლის ქალი მაღაზიებიდან სათამაშოებს იპარავდა და ინტერნეტით ყიდდა
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში დააკავა 72 წლის ქალი, რომელიც სათამაშოების მაღაზიებიდან ნივთებს იპარავდა, შემდეგ კი, ინტერნეტით ყიდდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პოლიციას ქურდობის შესახებ პარიზში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერმა შეატყობინა მას შემდეგ, რაც მის მაღაზიაში მოპარული ნივთები ინტერნეტში გასაყიდად განთავსებული ნახა.
ქალის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ათასამდე სათამაშო იპოვეს, მათი უმრავლესობა ორიგინალურ შეფუთვაში იყო. ასევე პოლიციამ აღმოაჩინა 40 ათასი ევრო.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქალმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ამას უსაქმურობის გამო აკეთებდა.