საფრანგეთსა და ესპანეთში გაჩენილი ტყის ხანძრების კვამლმა საბერძნეთამდე მიაღწია

15:54, 28.07.2026
თანამგზავრიდან გადაღებული ევროპის ფოტო

თანამგზავრიდან გადაღებული ევროპის ფოტო

ათენის ეროვნული ობსერვატორიის სამეცნიერო ჯგუფის მიერ სატელიტური მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ საფრანგეთსა და ესპანეთში მძვინვარე მასშტაბური ტყის ხანძრების კვამლმა ასობით კილომეტრი გაიარა და საბერძნეთამდე მიაღწია.

 

ობსერვატორიის კვლევითი მიმართულების დირექტორის, ვასილის ამოირიდისის განმარტებით, კვამლის ნაკადი ბორდოს (საფრანგეთი) რეგიონიდან გადაადგილდება როგორც ატლანტის ოკეანისკენ, ასევე აღმოსავლეთით – ხმელთაშუა ზღვისა და საბერძნეთის მიმართულებით.

„ის, რასაც ამჟამად საფრანგეთსა და ესპანეთში ვხედავთ, მხოლოდ ხანძრების მიერ ტყეების მასშტაბური განადგურება არ არის. ეს ასევე ჰაერის დაბინძურების სერიოზული შემთხვევაა“, – განაცხადა მან.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბური ენერგიის გამო, რაც უფრო მაღლა ადის ხანძრის კვამლი, მით უფრო დიდ მანძილზე შეუძლია მას გადაადგილება, რადგან ატმოსფეროს ზედა ფენებში უფრო ძლიერი ქარები ქრის, რომლებსაც კვამლის ნაწილაკები შორ მანძილზე გადააქვთ.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მიერ პაგაიოსა და ანტიკითერას სადგურებიდან ჩატარებული გაზომვების თანახმად, საბერძნეთის თავზე კვამლმა 2 კილომეტრზე მეტ სიმაღლეს მიაღწია. „ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს და ამდენად, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“, – დასძინა ამოირიდისმა.

მან ასევე განმარტა, რომ მაღალი სიმძლავრის ლაზერებით აღჭურვილ მონიტორინგის თანამედროვე სადგურებს შეუძლიათ, ატმოსფეროში, ძალიან დიდ სიმაღლეზეც კი ზუსტად განსაზღვრონ კვამლის მდებარეობა.

თუმცა, როგორც ამოირიდისმა აღნიშნა, ტყის მასშტაბური ხანძრები მხოლოდ ჰაერის ხარისხზე არ ახდენს მყისიერ გავლენას – მათ კლიმატის შეცლაც შეუძლიათ, რადგან ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა, შესაძლოა, სტრატოსფერომდე მიაღწიოს და ატმოსფეროში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩეს.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის კვლევითი მიმართულების დირექტორი ასევე ამბობს, რომ კვამლის ნაწილაკების კონცენტრაცია უფრო მაღალია ხანძრით დაზარალებული ტერიტორიების სიახლოვეს და კვამლის დაშორებასთან ერთად მცირდება.

ამავდროულად, ობსერვატორია იყენებს სისტემას, რომელიც რეალურ დროში მიღებული თანამგზავრული მონაცემებსა და ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლის მოძრაობის სიმულაციასა და პროგნოზირებას ახდენს.

ამგვარად, მეცნიერებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ კვამლის გადაადგილებას და შეაფასონ, უახლოეს საათებსა და დღეებში რომელ ტერიტორიებს შეიძლება დაემუქროთ საფრთხე.

სტატიის და ფოტოს ავტორი: საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური (ERT News)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 28 ივლისი, 2026 წელი, 10:23 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი