საფრანგეთს ფიჯისთან მოგება ჩაეთვალა და „ბ“ ჯგუფის ლიდერი გახდა | შემოდგომის ერთა თასი
14:21, 17.11.2020
საფრანგეთი „შემოდგომის ერთა თასის“ მომდევნო ტურში „მარიფილდზე“ შოტლანდიას როგორც „ბ“ ჯგუფის ლიდერი, ისე დაუპირისპირდება, რადგან ტურნირის ორგანიზატორებმა „მამლებს“ ფიჯისთან ანგარიშით 28:0 მოგება და ბონუს ქულა ჩაუთვალეს.
ფრანგებს ფიჯელთათვის ვანში, გასულ კვირას უნდა ემასპინძლათ, მაგრამ მატჩი გაუქმდა, რადგან კუნძულელთა ბანაკში კორონავირუსი გავრცელდა. ფიჯელების ოთხ მორაგბეს, მათ შორის კაპიტან სემი რადრადრას, COVID-19 დაუდასტურდა.
„შემოდგომის ერთა თასის“ ორგანიზატორებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს:
„ფიჯის მატჩის გაუქმებაში ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ გათამაშების წესებით, თუკი მატჩი გუნდის მიზეზით გადაიდება, მას ანგარიშით 28:0 მარცხი ჩაეთვლება. ფიჯელ მორაგბეებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ყურადღებას მივაქცევთ, რომ ტურნირის მეორე მატჩში მონაწილეობა მიიღონ.“
თავის მხრივ, საინტერესოა ფიჯის რაგბის კავშირის პრეზიდენტის ჯონ ო’კონორის კომენტარიც:
„არც ერთ ჩვენ მოთამაშეს ვირუსი აღარ აქვს და სიმპტომები აღარ აღენიშნება. ყველანი ვიაზრებთ, რომ სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტულია, ამიტომაც არსებულ გამოწვევებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ.“
ამავე ჯგუფის პირველ შეხვედრაში შოტლანდიამ იტალია ანგარიშით 28:17 დაამარცხა.