საფრანგეთის ყოფილი პრემიერი, ფრანსუა ფილონი ყალბი სამუშაო ადგილების სკანდალის გამო, სასამართლოში წარდგება
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი, ფრანსუა ფილონი ყალბი სამუშაო ადგილების სკანდალის გამო, სასამართლოში წარდგება

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ფილონი, ყალბი სამუშაო ადგილების სკანდალის გამო, სასამართლოს წინაშე წარდგება.

სააგენტო „ფრანს 24“-ის ინფორმაციით, „პენელოპე გეითის“ სახელით ცნობილი სკანდალი, ფილონის მეუღლეს უკავშირდება, რომელიც ხელფასს საპარლამენტო მდივნობისთვის იღებდა, თუმცა ფრანგული მედია წერს, რომ, სავარაუდოდ, მას სამუშაო რეალურად არასდროს შეუსრულებია.

გამოძიების ფარგლებში, პენელოპა ფილონი და პრემიერ-მინისტრის ყოფილი თანაშემწე პარლამენტში, მარკ ჟულო არიან ბრალდებულები.

2017 წელს, ფრანსუა ფილონს საფრანგეთის პრეზიდენტობა სურდა, თუმცა სატირულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ, „ლე კანარ ოშინიმ“, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არის ცნობილი, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პენელოპა ფილონს წლების განმავლობაში ხელფასის სახით, ასობით ათასი ევრო ჰქონდა აღებული.

გამოცემა მაშინ ასევე წერდა, რომ ფრანსუა ფილონს სენატორად მუშაობის დროს, 2005-2007 წლებში საპარალემენტო მდივნებად დასაქმებული ჰყავდა ორი შვილიც.

საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი ედება სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენებაში, შეთქმულებაში და ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

დანაშაულის დამტკიცების შეთხვევაში, ფრანსუა ფილონს 10 წლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით ერთი მილიონი ევროს გადახდა ემუქრება.

პენელოპა ფილონს კი სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. ფრანსუა და პენელოპა ფილონებს ეროვნული ასამბლეისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ერთი მილიონი ევროს გადახდა უკვე მოსთხოვეს.

ფრანსუა ფილონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.

დატოვე კომენტარი