საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან
საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საფრანგეთის შს მინისტრს კრისტოფ კასტანერთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის წარმატებულ წინსვლას.

როგორც გიორგი გახარიამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

„განვიხილეთ ის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ წინსვლას. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვისაუბრეთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმებზე. უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და უსაფრთხოების თემები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი ბაზა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის.

„მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეს ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. საქართველოს ორი ოფიცერი ჩართული იქნება ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში განსაკუთრებით, როცა საქართველოს მოქალაქეები ჩადიან დანაშაულს საფრანგეთის ტერიტორიაზე. განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს უკვე გადადგა. ვისაუბრეთ უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის. საქართველოს მთავრობის მზადყოფნაა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯები, რათა ერთად შევძლოთ თავშესაფრის მაძიებელთა საკითხის გადაწყვეტა, ერთად დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული და ერთად ვიზრუნოთ ქვეყნების უსაფრთხოებაზე. საქართველოსა და თბილისში შსს ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისა და წინსვლისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.