საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაგლიჯეს, 2014 წელს კი უკრაინის ჯერი დადგა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაგლიჯეს, 2014 წელს კი უკრაინის ჯერი დადგა

2008 წელს საქართველო ნაწილებად დაგლიჯეს, 2014 წელს კი უკრაინის ჯერი დადგა, – ამის შესახებ ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ან უკრაინის მსგავსი შემთხვევების გამეორება იქნება არამხოლოდ კატასტროფული, არამედ იქნება გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ აშშ-ის ძალაუფლება შესუსტდა.

„თუ აშშ-ის სიმტკიცე შესუსტებულად მიიჩნიეს, მოწინააღმდეგეების მიერ მისი გამოცდა გაგრძელდება. უკვე იყო საქართველო და იყო უკრაინა. თუ ჩვენ კვლავ გვეყოლება კიდევ ერთი საქართველო ან უკრაინა ნატო-ს საზღვრებს შიგნით, ეს იქნება არამხოლოდ კატასტროფა, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის აშშ-ის ძალაუფლების მკვეთრი შემცირების სიგნალი“, – განაცხადა ფლორენს პარლიმ.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ისა და ევროპის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფლორენს ​პარლიმ აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავიანთი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ ნაბიჯები გადადგეს, რადგან კონტინენტზე უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

ფრანგი მაღალჩინოსნის თქმით, ევროპული ავტონომიის გაძლიერება არ არის აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ამასთან, თავდაცვის ხარჯებზე საუბრისას ფლორენს პარლიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი, სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, მზად არის, პასუხისმგებლობის უფრო დიდი წილი იკისროს. მისი თქმით, ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება შეამცირებს ვაშინგტონის ტვირთს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ი ნაკლებად ჩართული იქნება პროცესებში.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გამოსვლის დასასრულს აშშ-ის მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია, ჰქონდეს ევროპის იმედი.