საფრანგეთის შს მინისტრი – ვითარება როდესაც მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მხოლოდ დღეს, ქვეყანაში არეულობის შედეგად, 1 747 ადამიანი დააკავეს.
TF1-ის ეთერში საუბრისას ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ ფუნქციონირება შეწყდა 735 დაწესებულებაში, 158 ობიექტი კი „ურბანული ძალადობის“ შედეგად დაზიანდა.
მინისტრის თქმით, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუციათ თავშეკავებისა თუ სპეციალური საშუალებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ.
„ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში როდესაც გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად. ჩემი ამოცანაა არეულობისა და ვანდალიზმის აღკვეთა პროპორციული და ზომიერი ძალის გამოყენებით,“ – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
საფრანგეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა მასობრივი გაფიცვის შედეგად, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია 564 სკოლაში. მედიის ცნობით, მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.