საფრანგეთის შს მინისტრი – ხვალ დაგეგმილი აქციების დროს ძარცვისა და ძალადობის საფრთხე არსებობს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოწოდებები, რომლებშიც აჯანყებასა და რევოლუციაზეა საუბარი

22:41, 30.10.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს მაღაზიების ძარცვისა და მასობრივი არეულობის მაღალი საფრთხე არსებობს.

მინისტრის თქმით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები ძარცვის, ძალადობისა და არეულობისკენ. მისივე განცხადებით, ზოგიერთი ჯგუფი ჰელოუინის დღესასწაულის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის გეგმავს.

„ვრცელდება მოწოდებები ძარცვისა და სისასტიკის ჩადენისკენ. ზოგიერთი ცდილობს, ჰელოუინით ისარგებლოს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოწოდებები, რომლებშიც აჯანყებასა და რევოლუციაზეა საუბარი“, – განაცხადა ნუნიესმა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, 31 ოქტომბერი უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი დღე იქნება.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, სათანადო რეაგირება მოვახდინოთ ამ შეკრებებზე, თუ ისინი გაიმართება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლორან ნუნიესის განცხადებით, არეულობის პრევენციის მიზნით, სამართალდამცველები ხვალ გააძლიერებენ კონტროლს საავტომობილო გზებზე, რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში. დაგეგმილია მოქალაქეთა შემოწმება და ისეთი საგნების ჩამორთმევა, რომლებიც შესაძლოა, იარაღად იყოს გამოყენებული.

მინისტრის განმარტებით, ამ ზომების მიზანია იმ პირების შეკავება, რომლებიც საპროტესტო აქციებზე არეულობის მოწყობას გეგმავენ.

ამასთან, პარიზის პოლიციის პრეფექტურა ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სასამართლომ შეაჩერა განკარგულება, რომლითაც ხვალინდელი საპროტესტო მსვლელობის ჩატარება ბასტილიის მოედნიდან ნაციის მოედნამდე მარშრუტზე იკრძალებოდა.

ნუნიესის განცხადებით, 17 ოქტომბერს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების გათვალისწინებით, აღნიშნულ მარშრუტზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს.

მსგავსი