საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამაღამ 40 ათასი სამართალდამცველი იქნება მობილიზებული
საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამაღამ 40 ათასი სამართალდამცველი იქნება მობილიზებული

საფრანგეთში ამაღამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელისუფლება 40 ათასს სამართალდამცველს განათავსებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა მედიასთან განაცხადა.

ჟერალდ დარმანინის თქმით, გუშინ საფრანგეთში უსაფრთხოებას მხოლოდ ცხრა ათასი სამართალდამცველი უზრუნველყოფდა.

დარმანინის ცნობით, არეულობისას საფრანგეთში დაკავებულია 180 ადამიანი. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას 170 ოფიცერი დაშავდა.

„საუბარი არ იყო მცირე პროტესტზე. საუბარია ხალხის მცირე ჯგუფზე, რომლებმაც გადაწყვიტეს რესპუბლიკის სიმბოლოებზე თავდასხმა. როდესაც თავს ესხმი სკოლებსა და სათემო ცენტრებს ან ქალაქის მერიას, შენ ესხმი სიმბოლოებს“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც პირობა დადო, რომ ქვეყანაში სამართლიანობას, მშვიდობას და თავისუფლებას აღადგენდა.

საფრანეგთის ქალაქ ნანტერში სამართალდამცველის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.