საფრანგეთის შს მინისტრი – 31 ოქტომბრის საპროტესტო აქციებზე ჰელოუინის ნიღბის ტარებისთვის მოქალაქეებს ერთ წლამდე პატიმრობა და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ

02:36, 31.10.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების მონაწილეებს აფრთხილებს, რომ სახის დასაფარად ჰელოუინის ნიღბების გამოყენების შემთხვევაში მათ შესაძლოა, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ. ინფორმაციას გამოცემა „ლემონდი“ ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლება შიშობს, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებმა შესაძლოა, ჰელოუინის კოსტიუმები და ნიღბები საკუთარი ვინაობის დასამალად და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენონ.

ამასთან, „ლემონდი” წერს, რომ ჰელოუინის აღნიშვნისას ნიღბის ტარება აკრძალული არ არის. საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სივრცეში სახის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 150 ევრომდე ჯარიმა, თუმცა კანონი გამონაკლისს უშვებს სადღესასწაულო, სპორტული, კულტურული და ტრადიციული ღონისძიებებისთვის. შესაბამისად, ჰელოუინის ნიღბით გადაადგილება დასაშვებია, თუ პირი არ მონაწილეობს საპროტესტო აქციაში ან საზოგადოებრივ  წესრიგის არ არღვევს.

ლორან ნუნიესის განცხადებით, სამართალდამცველებმა სოციალურ ქსელებში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში შეკრების მრავალი მოწოდება გამოავლინეს. მინისტრი ამ მოწოდებებს ულტრამემარცხენე ჯგუფებს, რადიკალიზებულ აქტივისტებსა და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ნაწილს უკავშირებს.

„ლემონდის“ ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, 31 ოქტომბრისთვის საფრანგეთის მასშტაბით 570 საპროტესტო შეკრებაა დაანონსებული. ერთ-ერთი აქტივისტური ჯგუფი მოქალაქეებს მოუწოდებს, საღამოს 20:00 საათიდან ქალაქების მოედნებზე ჰელოუინის კოსტიუმებით შეიკრიბონ.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალების უმრავლესობა ჰელოუინის სიმბოლიკას იყენებს.

„ლემონდმა“ ასევე ვერ გამოავლინა აღნიშნული ჯგუფების საჯარო მოწოდებები ძარცვისა და ვანდალიზმისკენ, რაზეც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობდა.

მსგავსი