საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებში 161 500 ადამიანი მონაწილეობდა

22:25, 13.10.2026

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები მესამე კვირაა, გრძელდება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ აქციებში 161 500 ადამიანი მონაწილეობდა.

ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მოსწავლეები, სტუდენტები და პროფკავშირების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და პოლიციის მოქმედებებს აპროტესტებენ.

როგორც მედია წერს, დღეს საფრანგეთის უნივერსიტეტების დაახლოებით 90%-ის მუშაობა შეფერხდა. პარიზში, მარსელსა და სხვა ქალაქებში მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები კვლავ გადაკეტეს.

პარიზსა და ნანტში გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აქციის მონაწილეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, წამოჭრილი საკითხები დროს, კონსულტაციებს, განხილვასა და ურთიერთპატივისცემას მოითხოვს.

ამასთან, მთავრობის მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 6 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაახლოებით 1 500 პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ხოლო დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების 24 შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. აქციების დროს 200-ზე მეტი მოზარდი, სკოლის 100 თანამშრომელი და 700 პოლიციელი დაშავდა.

საფრანგეთში ახალი მასშტაბური საპროტესტო აქციები შაბათს იგეგმება. მოსალოდნელია, რომ დემონსტრაციებს საწვავისა და ენერგიის გაძვირებითა და ცხოვრების მზარდი ხარჯებით უკმაყოფილო მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

მსგავსი