საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 1949 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 305 პოლიციელი

00:11, 02.10.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 1949 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 305 პოლიციელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციებმა ჯამში 1027 ლიცეუმი დააზარალა. აქციებს, სულ მცირე, 30 უნივერსიტეტი შეუერთდა, მათ შორის რენისა და პარიზის უნივერსიტეტები.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო ხვალ 400-ზე მეტი სკოლა დაიხურება. მისივე თქმით, გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება.

სკოლის მოსწავლეების პროტესტის ფონზე საფრანგეთის რამდენიმე სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ქალაქ ნანტში ორ სკოლაში ხანძარი დაფიქსირდა, ასევე ჩრდილოეთით მდებარე რუანში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში. მარსელში ვიქტორ ჰიუგოს სახელობის სკოლის თანამშრომლებს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბენზინი შეასხეს.

ამასთან, მარსელსა და სტრასბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც შეწყდა. მიზეზად ვანდალიზმი, ძალადობის მუქარა და აქციის მონაწილეების გადაადგილებისთვის ხელის შეშლის აუცილებლობა დასახელდა.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ საშუალო სკოლის მოსწავლეების პროტესტი. მისი თქმით ეს „პროფესიონალების მიერ ორგანიზებული არეულობაა“. როგორც ლე პენმა აღნიშნა, საჭიროა ახალი კანონის მიღება, რომელიც მასობრივი არეულობების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ცნობისთვის, მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.

მსგავსი