საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში 600 000 ადამიანი მონაწილეობდა

23:06, 05.11.2026

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. პროფკავშირების ცნობით, განათლების სფეროში რეფორმების მოთხოვნით და დაბალი ხელფასების წინააღმდეგ მსვლელობები საფრანგეთის 73 ქალაქში გაიმართა.

პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 1.6 მილიონი ადამიანი გამოვიდა. მათივე თქმით, მხოლოდ პარიზში აქციაზე 350 000 ადამიანი შეიკრიბა.

განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, დღეს ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში მონაწილეობა სულ 600 000-მა ადამიანმა მიიღო.

ამასთან, ფრანგული მედია წერს, რომ პარიზის მარშის დროს აქტივისტებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარი მეხანძრეებმა რამდენიმე წუთში ჩააქრეს.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მივიდა საფრანგეთის სოციალ-დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი რაფაელ გლუქსმანი, თუმცა აქტივისტების უკმაყოფილების ფონზე მან დემონსტრაცია დატოვა.

Le Figaro-ს ცნობით, ხალხი პოლიტიკოსს სასტვენებითა და შეძახილებით შეხვდა: „გლუქსმანი ჩვენი თანამებრძოლი არ არის“.

მსგავსი