საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო – საპროტესტო აქციებში დაახლოებით 550 000 ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ 400-მდე პირი დააკავა

22:55, 17.10.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნიუნიესის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 550 000 ადამიანი მონაწილეობდა. მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციები დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ჩატარდა, თუმცა აქციების პარალელურად რამდენიმე ქალაქში ვითარება დაიძაბა.

ნიუნიესის განცხადებით, დემონსტრანტთა ცალკეულმა ჯგუფებმა, რომლებიც, მისი თქმით, რადიკალურ და ულტრამემარცხენე ძალებს მიეკუთვნებიან, ვითარება გაამწვავეს. ნიუნიესის თქმით, ქვეყნის არაერთ ქალაქში საჯარო შენობებზე თავდასხმის აშკარა მცდელობა შეინიშნებოდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პოლიციამ დაახლოებით 400 ადამიანი დააკავა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ძალადობრივი დემონსტრანტების შეკავებით მშვიდობიანი აქციების ჩატარება უზრუნველყვეს.

ნიუნიესმა გააკრიტიკა ულტრამემარცხენე ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც, მისი თქმით, ღიად მოუწოდეს საზოგადოებას აჯანყებისკენ. მინისტრის განცხადებით, მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ქაოსზე, რომელიც დღეს საფრანგეთის ქუჩებში იყო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძალადობრივ დემონსტრანტთა იდენტიფიცირებისთვის საკმარისი ვიდეომასალა არსებობს.

ნიუნიესის ინფორმაციით, შეტაკებების დროს სამართალდამცავი ორგანოების 60 თანამშრომელი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ნიუნიესის თქმით, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, რუანში, ნანტში, ტულუზასა და მარსელში მაღაზიების ძარცვის მცდელობის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრს შეხვდება და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. ამასთან, ნიუნიესმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები ჯერ არ დასრულებულა.

მსგავსი