საფრანგეთის სამხრეთით მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან
საფრანგეთის სამხრეთით მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთის სამხრეთით მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლმა აღმოსავლეთ პირინეის მხარეში 500 ჰექტარი მოიცვა. ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადგილობრივი და ტურისტი.

საფრანგეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელება ამჟამად კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია სახიფათო მდგომარეობა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისას 17 მეხანძრე-მაშველი მსუბუქად დაშავდა.

ხანძარი 14 აგვისტოს საღამოს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა ასობით ჰექტარზე. სტიქიამ 30-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ესპანეთის საზღვართან დაკეტილია საავტომობილო გზა და შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.