საფრანგეთის სახელმწიფო სკოლებში მუსლიმური სამოსის, აბაიას ტარება აიკრძალება
საფრანგეთის სახელმწიფო სკოლებში მუსლიმური სამოსის, აბაიას ტარება აიკრძალება, – ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.
აბაია გრძელი, ფართო სტილის კაბაა, რომელსაც ქალები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ატარებენ და მუსლიმური კულტურის იდენტობის სიმბოლოდ არის აღქმული.
„გადავწყვიტე, რომ აბაიას ტარება სკოლებში აღარ შეიძლება. როდესაც საკლასო ოთახში შედიხართ, არ უნდა შეგეძლოთ მოსწავლეთა რელიგიის ამოცნობა ვიზუალურად“, – განაცხადა ატალმა.
მისივე თქმით, ახალი „მკაფიო ეროვნული წესების“ შესამუშავებლად და დასანერგად უახლოეს კვირებში სკოლებთან მოლაპარაკებები იგეგმება.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი კანონმდებლობაში რელიგიური ჩაცმულობის შესახებ აკრძალვის შეტანას ითხოვდა, პირველ ეტაპზე მთავრობა სახელმწიფო სკოლების ხელმძღვანელობებისთვის მითითებების მიცემით შემოიფარგლება.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, აბაიების შეზღუდვა ფრანგულ სკოლებში მუსლიმური ტანსაცმლით შემოსილი გოგონების რაოდენობის ზრდას უკავშირდება, რაც, საზოგადოების ნაწილის აზრით, ქვეყნის სეკულარული ღირებულებების დარღვევაა.
2004 წელს საფრანგეთმა სკოლებში რელიგიური სიმბოლოები, მათ შორის დიდი ჯვრები, ებრაული კიპა და მუსლიმური თავსაბურავები აკრძალა. აკრძალული რელიგიური ნიშნების ჩამონათვალში ამ დრომდე აბაია არ შედიოდა.