საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი - საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი - საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ევროპულ საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა, ამელი მონშალინიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

„საფრანგეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა დარწმუნდეს, რომ რუსეთი დაიცავს ყველა ვალდებულებას და ჩვენ ყოველდღე გავაგრძელებთ თითოეული გადაწყვეტილების შეფასებას“,-აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ამასთან, მონშალინიმ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ მივესალმებით უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლას, რის საფუძველზეც გათავისუფლდა მათ შორის უკრაინელი რეჟისორი სენცოვი. გვჯერა, რომ ეს ნდობის აღდგენისა და დიალოგისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზაზე. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არის ჩვენი პოზიცია ყველა ორგანიზაციაში. გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ევროკავშირში და აქაც. ეს არის პრინციპი, რომელსაც არასდროს უნდა გადავუხვიოთ. ჩვენ მტკიცე პოზიცია უნდა გვქონდეს ამ საკითხზე. მე ვიცი, რომ როდესაც ნოემბერში საქართველო მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადაიბარებს, ანალოგიურ ამოცანას დაისახავს.

ასევე, მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,-აღნიშნა საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა.