საფრანგეთის „სახალხო რესპუბლიკური კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა ლათინური ამერიკისა და ევროკავშირის სამიტზე ზელენსკის მონაწილეობა დაბლოკეს
საფრანგეთის „სახალხო რესპუბლიკური კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა ლათინური ამერიკისა და ევროკავშირის სამიტზე ზელენსკის მონაწილეობა დაბლოკეს

ლათინური ამერიკის ქვეყნებისა და ევროკავშირის ერთობლივ სამიტზე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა დაბლოკეს. ამის შესახებ საფრანგეთის „სახალხო რესპუბლიკური კავშირის“ ხელმძღვანელი ფრანსუა ასელინო იუწყება.

როგორც ასელინო სოციალურ ქსელში წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე ესპანეთმა მიიწვია, თუმცა 33-მა ქვეყანამ ზელენსკის მონაწილეობაზე უარი თქვა.

მანამდე „ევროაქტივმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა უარყვეს ევროკავშირის მცდელობები, მოეპოვებინა კონტინენტური მხარდაჭერა უკრაინისთვის და დეკლარაციის პროექტის საწინააღმდეგო წინადადებაში ევროკავშირს კოლონიური რეპარაციებისკენ მოუწოდეს. ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დეკლარაციის თავდაპირველი ტექსტი მოიცავდა რამდენიმე პუნქტს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებზე მითითებით, თუმცა, „ევროაქტივის“ ცნობით, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა „წაშალეს ყველაფერი უკრაინის შესახებ“.

როგორც „ევროაქტივი“ წერს, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მათ არ სურთ ომში ჩათრევა, რომელსაც ისინი აღიქვამენ „ევროპულ პრობლემად“.

ევროკავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სამიტი 17-18 ივლისს ბრიუსელში ჩატარდება.