საფრანგეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლაზე თანახმაა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა თანხმობა განაცხადა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლასთან დაკავშირებით. მედიის ცნობით, საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ კატრინ კოლონასთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი მზადაა, ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები დაუშვას.
რუსეთის მთავრობას დასტურის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
„ბიბისის“ ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი იმედოვნებს, რომ სააგენტოს ექსპერტები ადგილზე ჩასვლას უახლოეს რამდენიმე დღეში მოახერხებენ. ერთ-ერთი ვერსიით, მისიას გროსი თავად უხელმძღვანელებს.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი აკონტროლებს. ადგილზე ვითარება ბოლო რამდენიმე კვირაა, განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ხორციელდება ავიაიერიშები.