საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აშშ-ს, გააუქმოს ყველა სანქცია სისხლის სამართლის საერთაშორისო მოსამართლეებზე, რომელთა შორის ფრანგი მოსამართლეც არის
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აშშ-ს, გააუქმოს ყველა სანქცია სისხლის სამართლის საერთაშორისო მოსამართლეებზე, რომელთა შორისაცაა ფრანგი მოსამართლე ნიკოლა გიუ.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტროში აცხადებენ, რომ, სამწუხაროდ, მიიღეს ინფორმაცია აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ.
„საფრანგეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გააუქმოს ყველა სანქცია, რომლებიც მიღებულია 2025 წლის 6 თებერვლის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, რაც სასამართლოს უფლებებისა და რომის სტატუტის ყველა 125 წევრი სახელმწიფოს უფლებების დარღვევაა და ეწინააღმდეგება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებამ ასევე გამოხატა სოლიდარობა საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომლებსაც აშშ-ის სანქციები შეეხო.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოაცხადა აშშ-ის ახალი სანქციები საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მა ტრამპის ადმინისტრაციის დროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირა.