საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუს მაღალჩინოსნებთან საუბარი აღარ შედის ჩვენს ინტერესებში
რუს მაღალჩინოსნებთან საუბარი აღარ შედის ჩვენს ინტერესებში, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
როგორც სეჟურნემ France24-სა და RFI-სთან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა, პარიზის ინტერესებში აღარ არის რუსეთის წარმომადგენლებთან დისკუსიების წარმოება, რადგან მოსკოვი ამახინჯებს ასეთი დიალოგის შინაარსს.
„ჩვენს ინტერესებში არ შედის რუს ოფიციალურ პირებთან რამე დისკუსია, რადგან გზავნილები და კომუნიკეები, რომლებიც ქვეყნდება, ტყუილია“, – აღნიშნა სეჟურნემ.
მისი თქმით, მოსკოვთან დიალოგის განახლებისთვის ნდობის აღდგენაა საჭირო.
„მოსკოვთან დიალოგის განახლებისთვის ალბათ საჭიროა ჯერ ნდობის დამყარება და, პირველ რიგში, უკრაინის სამხედრო ფრონტზე განვითარებული მოვლენების დანახვა, რათა ურთიერთობები აღდგეს. ეს ჯერ ასე არ არის“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროების დონეზე რუს და ფრანგ ოფიციალურ პირებს შორის ბოლო ოფიციალური კონტაქტის კომენტირებისას სეჟურნემ თქვა, რომ „რუსეთთან თანამშრომლობის ხანგრძლივი ტრადიცია ტერორიზმთან ბრძოლაში“ ახლა ჩიხშია.
გასულ კვირას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. ეს 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ლიდერებმა, პირველ რიგში, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 22 მარტს მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტი განიხილეს. საუბრის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ლეკორნუსა და შოიგუს საუბრისას „აღნიშნული იყო მზადყოფნა უკრაინის საკითხზე დიალოგისთვის“. საპასუხოდ, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა განცხადებას სიცრუე უწოდა.