საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი დავით ზალკალიანს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი დავით ზალკალიანს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს.

წერილში, რომელსაც ფრანგი კოლეგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უგზავნის, აღნიშნულია, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ პარტნიორად მიიჩნევს და მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს ქვეყანას ნატო-სთან და ევროკავშირთან კავშირების განმტკიცებაში.

„მოხარული ვარ დაგიდასტუროთ, რომ საფრანგეთი საქართველოს მის ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და მობილიზებული ვართ, დაგეხმაროთ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირების გაძლიერებაში, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – ნათქვამია ლე დრიანის წერილში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს იმერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟან-ივ ლე დრიანი ხაზს უსვამს საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

ამ კონტექსტში  იგი იხსენებს გასულ წელს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილს დავით ზალკალიანისადმი, სადაც მინისტრები ხაზს უსვამენ საქართველოში ამბიციური დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.

„ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ უკლებლივ გამოვხატავთ ამ პოზიციას ყველა ფორუმზე, სადაც კი ამ შეხსენებას მოვლენების მსვლელობაზე ზეგავლენა შეუძლია“, – აღნიშნავს ლე დრიანი.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე მზადყოფნას გამოთქვას, რომ 2021 წელს გაიმართოს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგის“ მეორე სხდომა.