საფრანგეთში საპროტესტო აქციები განახლდა, პარიზში მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა, სწავლა 1 800-ზე მეტ სკოლაშია შეჩერებული
საფრანგეთში, რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. აქტივისტები კლასებში სკოლის მოსწავლეთა გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებულია 1 800-ზე მეტ სკოლაში.
საფრანგეთის საშუალო სკოლის მოსწავლეთა კავშირი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში მომიტინგეების რაოდენობამ ახალ რეკორდს მიაღწია.
ფრანგული მედიის ცნობით, დღეს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე დემონსტრანტი გამართავს აქციას.
პარიზში დემონსტრაციას მართავს ასობით სტუდენტი. მედიის ცნობით, პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა გზების გასაწმენდად წიწაკის სპრეი გამოიყენეს. პოლიციელებმა ასევე დაიწყეს გადაბრუნებული ურნების და ნაგვისგან ქუჩების გაწმენდა, რომლებმაც ბარიკადები გზის გადასაკეტად გამოიყენეს.
მედია ასევე წერს, რომ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა სტრასბურგშიც. „ბიბისის“ ცნობით, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ლილში მოსწავლეებმა და აქტივისტებმა დემონსტრაცია ფენელონის ლიცეუმის წინ გამართეს.
„ბიბისი“ წერს, რომ რამდენიმე აქტივისტმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა. მეხანძრეებმა ცეცხლი რამდენიმე წუთში ჩააქრეს. გამოცემა წერს, რომ ლილში საავადმყოფოში 15 წლის ბიჭი მკურნალობენ, მას შემდეგ, რაც ქალაქ ლანსში გამართული საპროტესტო აქციის დროს მან ხელი დაკარგა. ხელისუფლების ცნობით, მან ელექტროყუმბარა აიღო, რომელიც მალევე აფეთქდა.



