საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება
საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება

საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება. მედიის ცნობით, ამჯერად უმსხვილესი პროფკავშირების მოწოდების საფუძველზე ქუჩაში გამოვიდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მასწავლებლები და რკინიგზის თანამშრომლები.

მოქალაქეები მოითხოვენ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დამტკიცებული კანონის გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება.

როგორც მედია წერს, რენსა და ლილში ადგილობრივებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს და საბურავებსა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლაც. კვლავ გაფიცული არიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მარსელში. უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 13 000-მდე სამართალდამცველი.

აღსანიშნავია, რომ 23 მარტს გამართული აქციების დროს მომხდარი არეულობისას 440-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა და 450-ზე მეტი პირი დააკავეს.