საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ელექტროსკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ელექტროსკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ელექტროსკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძარი ათსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. ბინაში 34 წლის მამაკაცი და 13 და 15 წლის მოზარდები ცხოვრობდნენ. უმცროსი ბიჭი ხანძრისგან თავის დასაღწევად მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტომის შემდეგ დაიღუპა. ბინაში ნაპოვნი დამწვარი ცხედარი, სავარაუდოდ, მისი უფროსი ძმისაა, ხოლო მათი მამინაცვალი, რომელმაც სერიოზული დამწვრობა მიიღო, გადარჩა.

ხანძრის კიდევ ორი მსხვერპლია 87 წლის ქალი და მისი 59 წლის ვაჟი, რომლებიც ზედა სართულებზე ცხოვრობდნენ და ასფიქსიით გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც მოიწამლა და დამწვარობა მიიღო, ხოლო 26 ადამიანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, ძირითადად, კვამლის გამო.

გავრცელებული ცნობით, ხანძარი, რომელიც შუაღამის შემდეგ გაჩნდა, „უკიდურესად ძლიერი“ იყო და მისი ჩაქრობა დაახლოებით დილის 3:45 საათამდე ვერ მოხერხდა. რეიმსის პროკურორმა, ფრანსუა შნაიდერმა განაცხადა, რომ ამ ტიპის ელემენტებით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა უკიდურესად რთულია, რადგან ელემენტები წვის დროს ენერგიის თვითშენარჩუნებისკენ არიან მიდრეკილნი და ცეცხლის სწრაფად გავრცელებას უწყობენ ხელს.