საფრანგეთის პრეზიდენტი პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევების შესწავლას და სამართალდამცავების ეთიკის კოდექსის მიღებას ითხოვს
საფრანგეთის პრეზიდენტი პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევების შესწავლას და სამართალდამცავების ეთიკის კოდექსის მიღებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევების შესწავლას და სამართალდამცავების ეთიკის კოდექსის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია ელისეის სასახლემ გაავრცელა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნული საკითხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრის დროს განიხილა.

„პრეზიდენტმა მოუწოდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, სწრაფად დაასრულოს პოლიციის ეთიკის კოდექსზე მუშაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთში პოლიციის მხრიდან ძალადობა 2018 წელთან შედარებით 2019 წელს 41 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 7 ივნისს გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფრანგეთში პოლიციის მხრიდან ძალადობა და რასიზმი 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. მიუხედავად ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული სანქციებისა, მოქალაქეები დემონსტრაციებს მაინც არ ერიდებოდნენ.

აქციების მონაწილეების სოლიდარობას უცხადებენ 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გადრაცვლილი ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერებს, რომელებმაც აშშ-ში არა ერთი მიტინგი გამართეს.