საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა სიფრთხილე უნდა შენარჩუნდეს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა სიფრთხილე უნდა შენარჩუნდეს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა სიფრთხილე უნდა შენარჩუნდეს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, 3 მაისიდან ქვეყნის შიგნით მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და გაიხსნება სკოლები. მისივე თქმით, ბარები, რესტორნები და კულტურული დაწესებულებები შესაძლოა, მაისის შუა რიცხვებიდან გაიხსნას.

„ჯანდაცვასთან დაკავშირებული ვითარება ჩვენს ქვეყანაში უმჯობესდება. ბოლო ათი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ვირუსის გადაცემის ნამდვილ შემცირებას. ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირაში17%-ით შემცირდა“,- განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

„როგორც ჩანს, მესამე ტალღის პიკი უკან მოვიტოვეთ და ეპიდემიის ზეწოლა მცირდება. თუმცა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე. ჩვენ გვაქვს დადასტურებული, რომ კორონავირუსის ინგლისური ვარიანტი უფრო მეტად გადამდებია და შესაბამისად, მასთან ბრძოლაც უფრო რთულია. სწორედ ამიტომ შემთხვევების რაოდენობა გაცილებით ნელა მცირდება, ორჯერ იმაზე ნელა, ვიდრე ნოემბრის ლოკდაუნის დროს“, – განაცხადა ჟან კასტექსმა.

საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი კარგად მიდის და მაისის შუა რიცხვებისთვის ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა 20 მილიონზე მეტ ადამიანს ექნება მიღებული.