საფრანგეთის პოლიციამ ჯანდაცვის მინისტრის სახლი გაჩხრიკა, სამართალდამცველები პანდემიასთან ბრძოლისას გადაწყვეტილებების კანონიერებას სწავლობენ
საფრანგეთის პოლიციამ ჯანდაცვის მინისტრის სახლი გაჩხრიკა, სამართალდამცველები პანდემიასთან ბრძოლისას გადაწყვეტილებების კანონიერებას სწავლობენ

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა. როგორც „ბიბისი“ წერს, სამართალდამცველები ფრანგი მაღალჩინოსნების მიერ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ კანონიერებას სწავლობენ.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივიე ვერანის გარდა, პოლიციელებმა ასევე გაჩხრიკეს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ჟერომ სალომონის სახლიც.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად ადეკვატურად და სწრაფად მოქმედებდნენ ფრანგი მაღალჩინოსნები პანდემიის დროს.

„ბიბისის“ ცნობით, გამოძიებაში ფიგურირებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც და მისი წინამორბედი ედუარდ ფილიპი.

საქმის გამოძიება ივლისში დაიწყო, როდესაც რამდენიმე ექიმმა და „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ახლობლებმა მთავრობის წევრებს სამსახურებრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. საქმეს სპეციალური სასამართლო იძიებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს ენდობა და მათ უდანაშაულობაში დარწმუნებულია,

საფრანგეთში ბოლო დღეებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, რის გამოც მთავრობამ რამდენიმე ქალაქში და მათ შორის პარიზში ღამით კომენდანტის საათი დააწესა.

დატოვე კომენტარი