საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ბირთვულ საინვესტიციო გეგმას, რომელიც ექვსი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას ითვალისწინებს
საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ბირთვულ საინვესტიციო გეგმას, რომელიც ექვსი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას ითვალისწინებს

საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ბირთვულ საინვესტიციო გეგმას, რომელიც ექვსი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას ითვალისწინებს. ინიციატივას ეროვნულ ასამბლეაში 402-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 130-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. მანამდე, გასულ თვეს კანონი სენატის წევრებმა დაამტკიცეს.

„სენატის შემდეგ, ამ საღამოს ქვედა პალატამ აბსოლუტური უმრავლესობით ხმა მისცა ბირთვულ გეგმას. ეს არის კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ერთობლივი მუშაობის შედეგი“, – დაწერა „ტვიტერში“ პრემიერ-მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა.

თავის მხრივ, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის, აგნეს პანიე-რუნაშეს განცხადებით, მთავრობის მიზანია, საფრანგეთი გახადოს ნახშირბადისგან თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. მისი თქმით, პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცება არის პირველი ნაბიჯი საფრანგეთის ბირთვული მრეწველობის განახლების პროექტის განხორციელებისკენ.

მაკრონი გეგმავს, რომ მომავალი თაობის პირველი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა თავისი პრეზიდენტობის მეორე ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე დაიწყოს. მაკრონს პრეზიდენტობის ვადა 2027 წლის მაისში ეწურება. ექვსი ახალი რეაქტორის მშენებლობის პროექტის ღირებულებაა 52 მილიარდი ევრო.