საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარე – პირდაპირი ჩარევის გარდა, არსებობს არაპირდაპირი მანიპულაციები, რომელთა მიზანია საზოგადოების დაქსაქსვა, გამოწვევებზე საპასუხოდ საფრანგეთმა კონკრეტული ზომები მიიღო

17:19, 15.10.2026

ჰიბრიდულმა საფრთხეებმა სახე იცვალა. ისინი სულ უფრო ნაკლებად არის უხილავი. შეტევა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს საარჩევნო პროცესებში პირდაპირ ჩარევასა და მანიპულირებას გულისხმობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, იაელ ბრაუნ-პივემ იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთი ახლა, როგორც არასდროს, ხშირად ხდება ასეთი თავდასხმების სამიზნე.

„პირდაპირი ჩარევის გარდა, არსებობს უფრო არაპირდაპირი მანიპულაციები, რომელთა მიზანია ალტერნატიული რეალობის შექმნა და საზოგადოების დაქსაქსვა. ამ გამოწვევების საპასუხოდ საფრანგეთმა კონკრეტული ზომები მიიღო. 2018 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს ითვალისწინებს. 2024 წელს კი დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა უცხოელი აქტორების გავლენის უფრო მკაცრი კონტროლის მიზნით. ჰიბრიდული საფრთხეები საზღვრებს არ ცნობს, ამიტომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაც ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალისხმევით. აუცილებელია ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, ევროპული თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო სამართლებრივი მექანიზმების განვითარება“, – აღნიშნა საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.

მსგავსი