საფრანგეთის პარლამენტი კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვას ითვალისწინებს

16:45, 21.07.2026

საფრანგეთის პარლამენტი კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვას ითვალისწინებს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კანონპროექტი, რომელსაც სენატორებმა და დეპუტატებმა 20 ივლისს, საკომიტეტო განხილვის ეტაპზე მხარი დაუჭირეს, სოციალური ქსელების პლატფორმებს ავალდებულებს, საფრანგეთის პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ასაკის გადამოწმების სისტემა დანერგონ.

კანონის მიღების შემთხვევაში საფრანგეთი ავსტრალიის მაგალითს მიჰყვება, სადაც დეკემბერში ძალაში შევიდა მსოფლიოში პირველი კანონი, რომელიც 16 წლამდე პირებისთვის Facebook-ის, Snapchat-ის, TikTok-ისა და YouTube-ის გამოყენებას ზღუდავს.

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სურს, რომ კანონი მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდეს. მაკრონმა აპრილში ახალგაზრდებს მოუწოდა, ნაკლები დრო დაუთმონ ტელეფონებს და მეტი იკითხონ, რათა „უკეთესი მოქალაქეები გახდნენ“.

პარლამენტში კანონპროექტის კენჭისყრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. კანონის მიღების შემთხვევაში პირველი სექტემბრიდან 15 წლამდე ბავშვები სოციალურ ქსელებში ანგარიშის გახსნას ვეღარ შეძლებენ. პლატფორმებს უკვე არსებული ანგარიშების დასახურად დამატებით ოთხი თვე ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ევროპისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ამჟამად სოციალური ქსელების შეზღუდვის გზებს განიხილავს, რადგან მშობლების მხრიდან ბავშვებისთვის შესაძლო რისკების თაობაზე შეშფოთება იზრდება.

ამავდროულად, ევროკომისია ახალგაზრდების უკეთ დასაცავად სოციალური ქსელების ბიზნესმოდელების რეგულირებაზე მუშაობს. სწორედ ევროკომისიამ უნდა შეაფასოს, შეესაბამება თუ არა საფრანგეთის კანონპროექტი ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობას.

მსგავსი