საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - ვინისიუსის გვერდით მბაპეს შეზღუდულობა აშკარაა, კილიანი საშუალო დონეზე თამაშობს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონმა, კრისტოფ დუგარიმ გააკრიტიკა „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე ახალი სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშის გამო.
„მას სეზონის წარმატებული სტარტი აქვს, გაიტანა პირველ მატჩში, ახლახან შეასრულა დუბლი. თუ ვილაპარაკებთ მხოლოდ სტატისტიკაზე, ეს წარმატებაა. ის მადრიდში იმისთვისაა, რომ გოლები გაიტანოს.
მაგრამ მბაპე, უკვე დიდი ხანია, საშუალო დონეზე თამაშობს. ასეა უკვე რამდენიმე თვეა – საფრანგეთის ნაკრებში, „პარი სენ-ჟერმენში“ და ახლა „რეალში“.
მან უნდა მიაღწიოს პროგრესს ფორვარდის როლში, საჰაერო ორთაბრძოლებში, ფიზიკურ მომზადებაში, თავით თამაშში და ტექნიკურ თვისებებში. მას მოუწევს პროგრესი.
ჩვენ ვხედავთ მის ტექნიკურ შეზღუდულობას. ყველამ ვიცით, რომ ის არ შედის მსოფლიოს 10 ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელს შორის და დღეს მისი ზღვარი სახეზეა, როცა მის გვერდით თამაშობს ისეთი ფეხბურთელი, როგორიცაა ვინისიუსი“, – მოჰყავს დუგარის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.
აღვნიშნავთ, რომ მბაპე „რეალში“ გადასვლის შემდეგ უფრო ხშირად თამაშობს ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე და არა – გარემარბად, როგორც ეს „პარი სენ-ჟერმენში“ იყო.