საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შესახებ კანონი დაამტკიცა

10:52, 11.05.2019

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შესახებ კანონი დაამტკიცა.

ევროპული ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში 13-საათიანი განხილვის შედეგად მიღებული კანონი 5-წლიან აღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებს. მის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ორგანო, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს გააკონტროლებს და უხელმძღვანელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კანონის სასარგებლოდ ხმა 32-მა დეპუტატმა მისცა, ხუთი წინააღმდეგი იყო, 10-მა თავი შეიკავა.

27 მაისს დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, სენატში განიხილავენ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის უკვე მილიარდ ევრომდეა შეგროვებული.

რეკონსტრუქციისთვის კი 600-700 მილიონი ევროა საჭირო. ადგილობრივები ითხოვენ, რომ დარჩენილი თანხა სხვა ტაძრებს მოხმარდეს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს გაუჩნდა. რის შედეგადაც ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.

მსგავსი