საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოზე საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი რეფორმაა და საკითხის დღის წესრიგში დაყენება დროულია
საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოზე საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი რეფორმაა და საკითხის დღის წესრიგში დაყენება დროულია

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი რეფორმაა და საკითხის დღის წესრიგში დაყენება დროულია.

„ვფქირობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მიმართულია ქვეყნის ანტიკორუფციული საკანონმდებლო რეგულაციის გაუმჯობესებისკენ. „კოვიდ-19“-ის პირობებში გლობალურად ძალიან დიდი სახელმწიფო თანხა გაიცემა ეკონომიკის მხარდასაჭერად და მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში ამ ფულის სწორი გამოყენების უზრუნველყოფის საკითხი იქნება იქნება დღის წესრიგში როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ძალიან დროულია ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება.

არ მინდა, კომენტარი გავაკეთო კონკრეტულ წარდგენილ სისტემაზე, თუმცა ვფიქრობ, კარგი იდეაა, რომ დღეს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ამ სისტემის გაუმჯობესებაზე. ჩვენ საფრანგეთში ვიწყებთ ექსპერტიზის უზრუნველყოფას. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, ვისწავლოთ თქვენი მუშაობიდან, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი სისტემის გაუმჯობესება, რადგან ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ვფიქრობ, საქართველოში ევროკავშირის და საფრანგეთის დღის წესრიგი ნიშნავს ძლიერ ინსტიტუტებს ძლიერი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში ფრაქცია „ლელო“ დააინიცირებს. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ დააინიცირეს, თუმცა პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.