საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ შედეგი ლოგიკური იყო #1TVSPORT
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟერარ ბატიკლიმ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან მოგებული (3:2) შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„ვამაყობ, რადგან ვიგრძენით, რომ ჩვენს გუნდს ძლიერი ხასიათი აქვს. როდესაც მეორე გოლი გავუშვით, პანიკა არ გვქონია. მთელი თამაშის გათვალისწინებით, შედეგი ლოგიკური იყო. ასეთ თამაშებში იბადება მომავლის გუნდი, რომელიც რთულ მატჩებს იგებს. მთავარია, რომ ამ გამოწვევას თავი გავართვით.
ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებმა პრობლემები შეგვიქმნა. გვქონდა შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. მოედნის ცენტრში რამდენჯერმე შევცდით, რაც შემდეგ მატჩებში აღარ უნდა გავიმეოროთ.
ინდივიდუალური მომენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს გუნდური სულისკვეთება მომეწონა – გაუქმებული გოლის მიუხედავად, ვიბრძოლეთ და მოვიგეთ.
თამაშამდე საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ და მისი პლუს-მინუსები ვიცოდით, მაგრამ მაინც დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა და დიდი ენერგია დავხარჯეთ, რომ მოგვეგო. მეტოქის გუნდიდან მაისურაძესა და აზაროვს გამოვარჩევდი“.