საფრანგეთი: უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2018-2025 წლებში 37 პროცენტით გაიზარდა
ორგანიზაცია „Restos du Coeur“-ის მოხალისეები ბრინიეში (რონას დეპარტამენტი), 2025 წლის 5 დეკემბერი
საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ეს ანალიზი კარგად წარმოაჩენს, თუ როგორ აღმოჩნდა ორგანიზაციის 5.5 მილიონი ბენეფიციარი უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. თანაც, ეს პრობლემა მხოლოდ საფრანგეთს არ აწუხებს.
ორშაბათს, 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც მდიდარ ქვეყნებში სიღარიბის დონეს შეეხება, ირკვევა, რომ 2018-2025 წლებში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა საფრანგეთში 37%-ით გაიზარდა.
ანალიზი საქველმოქმედო ორგანიზაცია Restos du Coeur-ის მონაცემებსა ეყრდნობა და მილიონობით ადამიანის სოციალური მდგომარეობის შესახებ დაგროვებულ ინფორმაციას ეფუძნება. კვლევა ასევე შეიცავს გაფრთხილებას, რომ მომდევნო ათწლეულში ყოველი მეათე ადამიანი, შესაძლოა, სასურსათო დახმარების საჭიროების წინაშე დადგეს.
კვლევა, სახელწოდებით – „უკიდურესი სიღარიბე მდიდარ ქვეყნებში: ემპირიული ანალიზი საფრანგეთის მონაცემებზე დაყრდნობით“ – ევროპასა და შეერთებულ შტატებში მოღვაწე ხუთი ეკონომისტის მიერ მომზადდა. მასში Restos du Coeur-ის ხელთ არსებული რამდენიმე მილიონი მონაცემი გაანალიზდა. 2018-2025 წლების პერიოდში, ეს ორგანიზაცია უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ 5.5 მილიონ ადამიანს უწევდა მონიტორინგს.
განსაკუთრებით დიდი რისკის წინაშე ბავშვები დგანან
გამოკითხვის თანახმად, იმავე პერიოდში (2018-2025 წლები) 62%-ით გაიზარდა „საბინაო მოწყვლადობა“, ანუ საცხოვრებლის პოვნის სირთულე. საფრანგეთში ყოველი მე-200 ადამიანი უსახლკაროა – ცხოვრობს ქუჩაში ან საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია. Restos du Coeur-ის დახმარების მიმღებთა 50% ქალაქის ცენტრებში ცხოვრობს, მაშინ როცა საფრანგეთის მთელ მოსახლეობაში მათი წილი 30%-ია. „2018 წლის შემდეგ უსახლკარობის 52 პროცენტით გაზრდა ინფლაციით არის გამოწვეული“, – აღნიშნულია კვლევაში.
0-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვები საბინაო მოწყვლადობის წინაშე მდგარ პირთა თითქმის 25%-ს შეადგენენ (მოსახლეობის საერთო რაოდენობაში მათი წილი 10%-ია). მათი უმრავლესობა იმ ოჯახებიდან არის, სადაც ბავშვებს მხოლოდ დედა ზრდის. 2024-2025 წლებში ორგანიზაციის ყოველი მეორე ბენეფიციარი 25 წელზე ნაკლები ასაკის იყო, ხოლო დახმარების მიმღები ოჯახების 23%-ში შვილებს ერთი მშობელი ზრდიდა.
რაც უფრო დიდხანს გრძელდება მოწყვლადობა, მით უფრო რთულია მისგან თავის დაღწევა
კვლევა აჩვენებს, რომ ფასების, დასაქმებისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პოლიტიკამ შეიძლება ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნისგან დაიცვას. „უმუშევრობის დონის 10%-ით ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში, იწვევს უსახლკარო და სასურსათო დაუცველობის მქონე პირთა რაოდენობის დაახლოებით 10%-იან ზრდას, ხოლო სოციალური საბინაო ფონდის 10%-ით გაზრდა უსახლკარობას დაახლოებით 8%-ით ამცირებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები, ხშირად, ნაკლებად ეფექტიანია და სათანადო დახმარებას ვერ უწევს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდნენ. „რაც უფრო დიდხანს რჩება ადამიანი Restos du Coeur-ის ბენეფიციარად, მით უფრო რთულია მისთვის ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა“, – დანანებით აღნიშნავს ორგანიზაციის ეროვნული ბიუროს წევრი, ივ მერილიონი, რომლის აზრითაც, „პრევენცია ყველაზე ძლიერ ბერკეტად რჩება, ხოლო სახელმწიფოს, უფრო მიზანმიმართული ღონისძიებების გატარებით, თავისი როლი აქვს შესასრულებელი“.