საფრანგეთი: სიცხის გამო, ლგბტ+ თემის პრაიდი გადაიდო
პარიზელები სიცხისგან თავის დაცვას ფანჯრებზე ნაჭრების აფარებით ცდილობენ
ეს არის ბოლო 50 წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში დაფიქსირებული ყველაზე ხანგრძლივი და ძლიერი სიცხე. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, ქვეყნის დიდი ნაწილი კვლავ განგაშის მაღალი დონის რეჟიმში რჩება. სიცხის ტალღამ, წყალში გაგრილების მსურველთა დახრჩობის გამო, უკვე 50-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ვინაიდან ჰაერის მაღალი ტემპერატურა შაბათ-კვირასაც შენარჩუნდება, საფრანგეთის მთავრობა შიშობს, რომ დაზარალებულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. არადა, ამ უჩვეულოდ მაღალი სიცხეების დადგომიდან, მხოლოდ წყალში დახრჩობის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში უკვე 55-მდე ავიდა.
„25 ივნისისთვის, წყალში დახრჩობის 55 შემთხვევა გვქონდა, თუმცა ვშიშობთ, რომ სიტუაცია შესაძლოა გაუარესდეს“, – განუცხადა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა, მარიანა ფერარიმ სააგენტო „ფრანსინფოს“.
51 მილიონზე მეტ ადამიანს აუტანელი ტემპერატურის პირობებში უწევს ყოფნა, რის გამოც ისინი – განსაკუთრებით ახალგაზრდები – ყველა საშუალებას იყენებენ გასაგრილებლად. ადამიანები საბანაოდ მიდიან საშიშ ან ისეთ ადგილებში, სადაც მაშველები არ არიან.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ სიცხის ტალღის შესახებ განახლებული ინფორმაცია წარადგინა და შეეცადა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ სიტუაცია მკაცრად კონტროლდება.
კლიმატური პირობების გამო, საფრანგეთში 46 000 სახლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგიის ქსელში ავარიებით გამოწვეული სარემონტო სამუშაოების რაოდენობა კვლავ საკმაოდ მაღალია. ამის გამო, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანია „ენედისმა“ პარიზის დასავლეთით მდებარე რეგიონებსა და ბორდოს მიმდებარე მხარეში 1 000 ელექტრიკოსი გაგზავნა.
ამ ისტორიული სიცხის ტალღის ხანგრძლივობისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, კომპანია „ენედისმა“ ასევე აამოქმედა სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლის პრესრელიზში ნათქვამია: „ექსტრემალური სიცხის პირობებში, ჩვენი თანამშრომლებისა და კონტრაქტორების სამუშაო პირობებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ“.
სიცხის ტალღა სუსტდება, მაგრამ მდგომარეობა კვლავ „მეტად სერიოზულია“
„მეტეო ფრანსე“-ს ცნობით, განგაშის მაღალი დონის რეჟიმში მყოფ 61 რეგიონში, პარასკევს, პიკის გადავლის შემდეგ, სიცხის ტალღა ოდნავ შესუსტდა. შაბათ-კვირისთვის 14 რეგიონში სიტუაციის თანდათანობით გაუმჯობესებას ვარაუდობენ.
სიცხის ტალღის გამო, საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ევროპული ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილება ძლიერი ზეწოლის ქვეშაა. განყოფილების ხელმძღვანელის, ფილიპ ჟიუვენის თქმით, მდგომარეობა „მეტად სერიოზულია“.
„ორშაბათიდან მოყოლებული პაციენტების რაოდენობა არ შემცირებულა, ხუთშაბათს კი მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – განუცხადა მედიცინის პროფესორმა ფრანგულ საინფორმაციო ტელეარხ BFMTV-ს და რადიოსადგურ RMC-ს.
„დერეფნები სავსეა პაციენტებით, რომელთა უმეტეს ნაწილს ხანდაზმულები შეადგენენ. ასევე გვყავს 50-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტები. შემოჰყავთ უსახლკაროებიც, რომლებსაც ძალიან მაღალი, 42° სიცხე აქვთ“ – დასძინა მან.
ლგბტ+ თემის პრაიდი გადაიდო
ორგანიზატორების განცხადებით, მარში მას შემდეგ გადაიდო, რაც პარიზის ხელისუფლებამ, სიცხის ტალღის გამო, შაბათისთვის დაგეგმილი ღონისძიების გაუქმება ითხოვა.
აღლუმს, როგორც წესი, ქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოჰყავს. მანამდე პოლიციამ იგივე თხოვნით მიმართა მუსიკალურ ფესტივალ „Solidays“-ისა და “ჩარლთი სტედიუმზე” დაგეგმილი მძლეოსნობის შეჯიბრების ორგანიზატორებსაც, რადგან ორივე ღონისძიებაზე ათიათასობით ადამიანის დასწრებას ელოდნენ.
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზის საჯარო ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება და გაყიდვაც აკრძალა, რათა სიცხის ტალღის დროს დედაქალაქის საავადმყოფოებზე ზეწოლა შეამსუბუქოს.
პარიზელებს საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღება პარასკევის შუადღიდან შაბათის დილის 7:00 საათამდე აეკრძალათ. ეს ზომები, იმავე საათებში, შაბათიდან კვირის ჩათვლითაც დარჩება ძალაში.
სტატიის ავტორი: ინეს მორეირა სანტოსი / პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებელი (RTP – Rádio e Televisão de Portugal)
ფოტოს ავტორი: ჟოელ საგეტი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“