საფრანგეთი: საპრეზიდენტო კამპანია სოციალურ ქსელებში, 2022 წელთან შედარებით, ბევრად ადრე და აქტიურად დაიწყო
პოლიტიკოსები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სოციალურ პლატფორმებს (საილუსტრაციო ფოტო)
მხოლოდ სექტემბერში, ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, ლინკედინზე, იქს-პლატფორმასა და ბლუსქაიზე (Bluesky) საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული 6.4 მილიონზე მეტი პოსტი გამოქვეყნდა – ანუ, საშუალოდ 216 000 ინფორმაცია დღეში.
ანალიტიკური პლატფორმა Visibrain-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში წინასაპრეზიდენტო კამპანია, წინა არჩევნებთან შედარებით, ბევრად ადრე და მასშტაბურად დაიწყო. „პოსტების რაოდენობა უკვე საგრძნობლად აჭარბებს 2022 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს“, – წერს Visibrain-ი.
მხოლოდ სექტემბრის თვეში, სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ინსტაგრამი, ლინკედინი, იქსი და ბლუსქაი) არჩევნებთან დაკავშირებული 6.4 მილიონზე მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდა, რაც დღეში საშუალოდ 216 000 პოსტს შეადგენს. ეს ოთხჯერ მეტია, 2022 წლის ანალოგიურ წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით.
Visibrain-ი პოსტების ასეთი დიდი რაოდენობის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ანალიტიკური პლატფორმა მიიჩნევს, რომ ამას, მნიშვნელოვანწილად, ის გარემოება განაპირობებს, რომ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ახლანდელი წინასაარჩევნო კამპანიის ამ ეტაპზე გაცილებით მეტი სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. გარდა ამისა, სექტემბრის თვე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით იყო დატვირთული: გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ მიღწეულმა შედეგებმა ფრანგი პოლიტიკური ლიდერების მრავალრიცხოვანი გამოხმაურება გამოიწვია; 13 სექტემბერს მარინ ლე პენმა ოფიციალურად გახსნა საარჩევნო კამპანია; 18 სექტემბერს ემანუელ მაკრონი სიტყვით გამოვიდა და ბოლოს – გამოცემა Mediapart-მა ჯორდან ბარდელას შესახებ სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
პოსტებში ყველაზე ხშირად ჟან-ლუკ მელანშონი, მარინ ლე პენი და გაბრიელ ატალი ფიგურირებენ
ჟან-ლუკ მელანშონი ის კანდიდატია, ვის შესახებაც სოციალურ მედიაში ყველაზე მეტს საუბრობენ: სექტემბერში ის 1.2 მილიონ შეტყობინებაში იყო მოხსენიებული, რაც ბევრად აჭარბებს მარინ ლე პენისა და გაბრიელ ატალის მაჩვენებლებს, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (La France insoumise) კანდიდატი ასევე ლიდერობს თავის პოსტებზე მიღებული „მოწონებების“ (likes) რაოდენობითაც, განსაკუთრებით ტიკ ტოკზე, სადაც მან სექტემბერში 2.1 მილიონზე მეტი „მოწონება“ დააგროვა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მარინ ლე პენის ანალოგიური მაჩვენებელი და სამჯერ მეტი, ვიდრე გაბრიელ ატალის „მოწონებები“.
თითოეულ კანდიდატს სოციალური ქსელებით სარგებლობის საკუთარი სტრატეგია აქვს. ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ პლატფორმებს ანიჭებს უპირატესობას, რათა ამომრჩევლის გარკვეულ სეგმენტთან ჰქონდეს წვდომა. ლინკედინზე აქტიურობა, რასაც განსაკუთრებით ხშირად ნიკოლა დიუპონ-ენიანი, გაბრიელ ატალი და მარინ ტონდელიე მიმართავენ, საშუალებას იძლევა, რომ უფრო მაღალი სოციალურ-პროფესიული კატეგორიების წარმომადგენლებთან იყვნენ კონტაქტში, ტიკ ტოკზე პოსტების განთავსება კი ახალგაზრდა აუდიტორიაზე უკეთ ფოკუსირების საშუალებას იძლევა.