საფრანგეთი: ოპოზიციამ მაკრონის მიმართვა მკაცრად შეაფასა: „მხოლოდ იმისთვის ილაპარაკა, რომ არაფერი ეთქვა“

13:23, 19.10.2026

ტელეეკრანი სუბტიტრებით, ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლის დროს. სუბტიტრებზე წერია: „მათ, ვინც რესპუბლიკის დამხობა სცადა, პასუხისგება მოუწევთ“. 2026 წლის 18 ოქტომბერი

ტელეეკრანი სუბტიტრებით, ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლის დროს. სუბტიტრებზე წერია: „მათ, ვინც რესპუბლიკის დამხობა სცადა, პასუხისგება მოუწევთ“. 2026 წლის 18 ოქტომბერი

მას შემდეგ, რაც უქმეებზე გამართულ დემონსტრაციებს ძალადობა და ძარცვა მოჰყვა, საფრანგეთის პრეზიდენტი კვირას საღამოს სიტყვით გამოვიდა. ყველამ – მემარცხენეებიდან უკიდურეს მემარჯვენეებამდე – მისი გამოსვლა უარყოფითად შეაფასა.

ისინი უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ემანუელ მაკრონმა მკაცრი გადაწყვეტილებები არ მიიღო. 18 ოქტომბრის მიმართვის შემდეგ, რაც 17 ოქტომბრის დემონსტრაციებსა და მათ თანმდევ ძალადობისა და ძარცვის კადრებს მოჰყვა, ოპოზიცია რესპუბლიკის პრეზიდენტს პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს. მაკრონის მიმართ კრიტიკულ პოზიციას ცენტრისტული ბლოკიც კი არ მალავს.

„იმის ნაცვლად, რომ ოდნავ მაინც გამოეხატა სინანული, ემანუელ მაკრონი მატინიონში [პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში] გვიბარებს „მკაფიო და საჯარო პოზიციების გამოსახატავად“, თითქოს სკოლის დაფასთან გამოძახებული ბავშვები ვიყოთ“, – სოციალურ ქსელ X-ში აკრიტიკებს პრეზიდენტს ეკოლოგისტთა (Les Écologistes) საპრეზიდენტო კანდიდატი, მარინ ტონდელიე. მისი თქმით, „მატინიონში მხოლოდ სოციალური, გარემოსდაცვითი და დემოკრატიული კრიზისების გადაჭრის გზებზე სამუშაოდ წავა და არა სადისციპლინო საბჭოზე გამოცხადების მიზნით“.

„რესპუბლიკის პრეზიდენტს ამ საღამოს არაფერი უთქვამს. უპასუხისმგებლობაა, საჯაროდ გამოხვიდე და არაფერი თქვა“, – იმავე X-ზე წერს „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (LFI) ეროვნული კოორდინატორი, მანუელ ბომპარი, რომლის აზრითაც, „ემანუელ მაკრონმა ვითარების კიდევ უფრო დამძიმების გზით სიარული“ აირჩია. ორშაბათს, პრეზიდენტი, რადიო RTL-ის ეთერში, რაფაელ გლუქსმანმაც (Place publique) გააკრიტიკა, „რომელიც (პრეზიდენტი – რედ.) საკუთარ უძლურებაზე საუბრობდა“.

„ის საერთოდ ვეღარ აკონტროლებს ვითარებას“, – აცხადებს მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი, ბრუნო რეტაიო

პრეზიდენტის მისამართით მკვეთრ შეფასებებს ემანუელ მაკრონის ყოფილი მხარდამჭერებიც არ ერიდებიან. მათ შორის არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი. „მე მოვისმინე თქვენი კომენტარები, თქვენი სურვილები და დიალოგის აღდგენის მისასალმებელი განზრახვა“, – წერს საპრეზიდენტო კანდიდატი სოციალურ ქსელში სახელმწიფო მეთაურისადმი მიმართვაში. „მილიონობით ფრანგის მსგავსად, მერჩივნა, გვენახა კონკრეტული გადაწყვეტილებები და ინიციატივები, რომლებიც წესრიგის აღდგენას, სახელმწიფოს ავტორიტეტის განმტკიცებას, ძარცვასა და ვანდალიზმში მონაწილე პირთა დასჯას უზრუნველყოფდა. ასევე, ველოდი დეტალურ გეგმას, თუ როგორ აღდგებოდა დიალოგი ლიცეუმების მოსწავლეებთან და პროფკავშირულ ორგანიზაციებთან“, – დასძენს პარტია Horizons-ის დამფუძნებელი.

მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე, ბრუნო რეტაიო მაკრონის გამოსვლას „ძალიან შემაშფოთებელს“ უწოდებს. მისი შეფასებით, პრეზიდენტი „სრულიად დაბნეულია და არ შეუძლია, სახელმწიფოს ძალა დაუპირისპიროს ქაოსს, რომელიც რესპუბლიკას ემუქრება“. „კატეგორიულად მოვითხოვ მისგან, აიღოს პასუხისმგებლობა და საფრანგეთის მოქალაქეების დასაცავად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს“, – აცხადებს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი.

ულტრამემარჯვენე ფრთის წარმომადგენელმა, ერიკ სიოტიმ კი ემანუელ მაკრონის გადადგომა მოითხოვა. პარტია UDR-ის თავმჯდომარემ და ნიცის მერმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ვერ გაამართლა მოლოდინი და იმისთვის ილაპარაკა, რომ არაფერი ეთქვა“. პარტია „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ კი მაკრონის გამოსვლა „სამარცხვინოდ“ შეაფასა და განაცხადა, რომ „მხდალ და დაბნეულ ხელისუფლებას ფრანგებისთვის აღარაფერი აქვს სათქმელი და მათ ვეღარაფერს სთავაზობს“. „ემანუელ მაკრონისგან ველოდები, რომ პატიებას ითხოვს და წავა“, – განაცხადა ბარდელამ პრეზიდენტის გამოსვლამდე.

სტატიის ავტორი: საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პლატფორმა „ფრანს ინფო“ (France Info)

ფოტოს ავტორი: ლუდოვიკ მარენი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი, 2026 წელი, 08:13 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი