საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტია (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე საფრანგეთი და ბელგია ერთმანეთს 73-ჯერ შეხვედროდნენ და ამ მატჩების დიდი უმეტესობა ამხანაგური იყო. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, აქ ეს გუნდები ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა შორეულ 1938 წელს შედგა, როდესაც რიგით მესამე მუნდიალი საფრანგეთში იმართებოდა და მერვედფინალურ მატჩში მასპინძლებმა 3-1 გაიმარჯვეს. ამის შემდეგ, 1986 წელს, ფრანგები და ბელგიელები ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდნენ და აქაც ფრანგებმა იმარჯვეს – 4-2. რაც შეეხება ზოგად ბალანსს, 73 შეხვედრიდან უფრო მეტი ბელგიელებს ჰქონდათ მოგებული – 30, ფრანგების სასარგებლოდ 24 მატჩი დასრულდა, ხოლო 19-ში ფრე დაფიქსირდა.

ნახევარფინალი მაღალ ტემპში დაიწყო და გოლის გატანის პირველი შანსი მე-16 წუთზე აზარს ჰქონდა, როდესაც ფრანგი მცველების შეცდომის შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ხუთიოდ წუთში უგო ლორისმა შესანიშნავი მოგერიება შემოგვთავაზა – კარისკენ ალდერვაირელდი ურტყამდა.

პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც გოლის გატანის შანსი პავარს მიეცა – ამჯერად საკუთარი გუნდი კურტუამ გადაარჩინა.

დაპირისპირების პირველი გოლი 51-ე წუთზე გავიდა. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთთან პირველი სამუელ უმტიტი აღმოჩნდა, მან საჰაერო დუელი ფელაინის მოუგო და მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი გაიტანა.

შეხვედრის დასრულებამდე ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის არაერთი შანსი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტია. ფრანგების მეტოქის ვინაობა ხვალ ხორვატიისა და ინგლისის დაპირისპირებაში გაირკვევა.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!