საფრანგეთი: ეიფელის კოშკის ქალი თანამშრომლები, რელიგიური ჯგუფის მოთხოვნით, კაცებით ჩაანაცვლეს – პერსონალი გაიფიცა

16:34, 09.09.2026
2018 წლის 23 მარტს, შუაღამისას, ეიფელის კოშკი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სუპერმარკეტში მოკლული იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად ჩააბნელეს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფმა პირმა დახოცა

2018 წლის 23 მარტს, შუაღამისას, ეიფელის კოშკი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სუპერმარკეტში მოკლული იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად ჩააბნელეს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფმა პირმა დახოცა

ეიფელის კოშკში ინდუისტური დელეგაციის სტუმრობის დროს, ობიექტის ადმინისტრაციამ ქალი თანამშრომლები კაცებით ჩაანაცვლა. ამ ფაქტით აღშფოთებული პერსონალი ორშაბათს გაიფიცა. მომხდართან დაკავშირებით, შიდა გამოძიება მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ BBC-ი იუწყება.

ინდუისტურ ჯგუფის, „ბოჩასანვასი აქშარ პურუშოტამ სვამინარაიან სანქხა“-ს (BAPS – Bochasanwasi Akshar Purushottam Swaminarayan Sanstha) დაახლოებით 100-კაციანი დელეგაცია პარიზის ცნობილ ღირსშესანიშნაობას შაბათს ეწვია. ეს რელიგიური მოძრაობა მკაცრად იცავს კაცებისა და ქალების გამიჯვნის წესს, განსაკუთრებით – ტაძრების მონახულებისას და შენობებში ყოფნის დროს.

ეიფელის კოშკის თანამშრომელთა პროფკავშირის წარმომადგენლის, დიანა დავუანის თქმით, დელეგაციის მოსვლისას, ქალებს სამუშაო ადგილების დატოვება სთხოვეს, რის გამოც მათ თავი დამცირებულად იგრძნეს.

ეიფელის კოშკის ოპერატორი კომპანიის (SETE) პრეზიდენტმა და პარიზის ერთ-ერთი ცენტრალური ოლქის მერმა, არიელ ვაილმა ინციდენტს „აბსოლუტურად შოკის მომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა. მისი თქმით, ადმინისტრაციამ, სტუმრების თხოვნის შესრულებით, „ზღვარს გადააბიჯა“ და ვერ გააცნობიერა, რამდენად უადგილო იყო მისი ქმედება. ვაილმა განაცხადა, რომ შიდა გამოძიება პასუხისმგებელ პირებს დაადგენს და უზრუნველყოფს იმას, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს.

SETE-ს პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალებისთვის თავსმოხვეული პირობები მისი კომპანიის ღირებულებებსა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. დიანა დავუანმა კი დასძინა, რომ მზარდი დაძაბულობის გამო, პერსონალმა ადმინისტრაციასთან დიალოგში შესვლა გადაწყვიტა, რათა ქალი თანამშრომლების მიმართ ასეთი მოპყრობა მომავალში აღარასდროს დაუშვან.

მომხდარს პლატფორმა X-ზე თავად BAPS-ც გამოეხმაურა, რომელმაც კვირას პარიზის გარეუბანში თავისი პირველი დიდი ტაძარი გახსნა. მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი სიტუაციას სერიოზულად ეკიდებიან. მათივე განმარტებით, ვიზიტი, ეიფელის კოშკის თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო დღის დასაწყისში დაიგეგმა, რათა სხვა ტურისტებისთვის დისკომფორტი მინიმუმამდე შეემცირებინათ. ორგანიზაციამ ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც მომხდარის გამო დაზარალდა, და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ინციდენტი მკაცრად დაგმეს ფრანგმა პოლიტიკოსებმა.

„მე არ დავუშვებ, რომ უცხოელი სტუმრების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ქალები აიძულონ, გვერდზე დადგნენ“, – განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, იაელ ბრაუნ-პივემ.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენეების ლიდერმა, მარინ ლე პენმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრანგული საზოგადოება არასდროს შეეგუება ქალთა უფლებების შეზღუდვას.

„საფრანგეთში არცერთ კულტურას, არცერთ რელიგიას, არცერთ კულტს დასაერთოდ – არაფერს და არავის – შეუძლია მიუთითოს ქალებს, თუ სად არის მათი ადგილი“, – აღნიშნა საფრანგეთის ყოფილმა მემარჯვენე-ცენტრისტმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა, რომელიც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

რას წარმოადგენს BAPS-ი?

თავის ვებგვერდზე BAPS-ი საკუთარ თავს წარმოაჩენს რელიგიურ ორგანიზაციად, რომელიც, ინდუისტურ ღირებულებებზე დაყრდნობით, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავს.

მისი მოძღვრება ეფუძნება XVIII საუკუნის ბოლოს მოღვაწე ასკეტის, ლორდ სვამინარაიანის სწავლებას, რომელსაც მისი მიმდევრები ვიშნუს განსახიერებად მიიჩნევენ. საზოგადოებას ტაძრები აქვს მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში, მათ შორის – ლონდონში, ლოს-ანჯელესსა და სიდნეიში.

ჯგუფი ამტკიცებს, რომ ქალთა განცალკევება თავად ქალების კეთილდღეობისთვის დააწესა. თუმცა, კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი შეხედულებები თანამედროვე სამყაროში მიუღებელია და რელიგიური პრაქტიკის საბაბით ქალების ჩამოშორება თუ შეზღუდვა დისკრიმინაციას წარმოადგენს.

სტატიის ავტორი: ანასტასია კურინსკა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ზაკარია აბდელკაფი, სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი, 2026 წელი, 14:58 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი