საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუხლობრივად, მეორე მოსმენით იმსჯელა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო ორგანოებს, ასევე, იმ საწარმოებს, რომლებიც შექმნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით, შესაძლებლობა მიეცემათ, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა.

როგორც აღინიშნა, სახელმწიფოს ჩართულობით გაიზრდება კერძო სექტორის კაპიტალის მობილიზება ამ დარგში.

ერთ-ერთი ინიციატორის, ეკა სეფაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან.

„საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებით, შესაძლებელი იქნება დანაზოგებისა და დაფინანსების დივერსიფიცირება და ეკონომიკაში კაპიტალის ეფექტური ალოკაციის მოხდენა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი