საფეხბურთო ტაიმაუტის ექსკლუზივი | „ინტერის აკადემიის“ მწვრთნელების ხელმძღვანელი - დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს #1TVSPORT
15:36, 18.11.2023
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთი ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, მილანის „ინტერის აკადემიის“ მწვრთნელების ხელმძღვანელმა, ანდრეა რატიმ, ასევე „ინტერის აკადემია საქართველოს“ მოწვეულმა მწვრთნელმა, სტეფანო კომ და სპორტულმა დირექტორმა, ლევან მჭედლიძემ განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.
ლევან მჭედლიძე, „ინტერის აკადემია საქართველოს“ სპორტული დირექტორი: „ჩვენი აკადემია, მეორე წელია, არსებობს და მუდმივად ვითარდება. საწყის ეტაპზე ჩვენთან 220 ბავშვი ირიცხებოდა, ახლა ეს რიცხვი 500-მდე გაიზარდა.
თბილისში „ინტერის აკადემიის“ მწვრთნელების ხელმძღვანელი, ანდრეა რატი გვესტუმრა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აკადემია კიდევ უფრო განვითარდება. რაც შეეხება „ინტერის აკადემია საქართველოს“ მოწვეულ მწვრთნელს, სტეფანო კოს, ის მეორე თვეა, აქ იმყოფება და 15 დეკემბრამდე დარჩება. ის ჩართულია სავარჯიშო პროცესებში, მეთოდოლოგიაში და „ინტერის“ აკადემიის ფილოსოფიას გვიზიარებს“.
სტეფანო კო, „ინტერის აკადემია საქართველოს“ მოწვეული მწვრთნელი: „მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით, აქ პირველად ვიმყოფები. „ინტერის“ აკადემიის ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი თბილისში არსებობს. მხოლოდ მეორე წელია, რაც საქართველოში პროექტის განხორციელება დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად ვიზრდებით“.
ანდრეა რატი, „ინტერის აკადემიის“ მწვრთნელების ხელმძღვანელი: „საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, თავი შინაურულად ვიგრძენი, რადგან ეს საოცარი ქვეყანაა. „ინტერის აკადემია საქართველოში“ უკვე 500-მდე ბავშვი ვარჯიშობს და 25 მწვრთნელია დასაქმებული, რაც კარგი მაჩვენებელია.
მილანში „ინტერის“ აკადემია 2008 წელს დაარსდა და ჩვენი ძირითადი მიზანი მილანური კლუბის ფილოსოფიის გაზიარებაა. ახლა 11 ქვეყანაში 15 ფილიალი გვაქვს. საქართველოში ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული ჩანს და დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს, რაც თქვენს გულშემატკივარს დიდ ბედნიერებას მოუტანს“.