საფეხბურთო ტაიმაუტი | ზუკა რურუა - ლუქსემბურგთან მატჩში გულშემატკივრებმა ნაკრებისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერა უნდა გამოვხატოთ #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ მწვრთნელი ზუკა რურუა მიიჩნევს, რომ საფეხბურთო ნაკრების წევრებს ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგთან მატჩამდე ფსიქოლოგიური წნეხი უნდა ავარიდოთ.
„ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ამ მატჩისთვის ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემთვის ფეხბურთი განსაკუთრებული სპორტია, მაინც პირველია, სხვანაირად განიცდი და გულიც სხვაგვარად გიძგერს. თუმცა (ლუქსემბურგთან მატჩამდე) ზედმეტი წნეხი არავის არ უნდა ავკიდოთ. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების თუ მედიის მხრიდან გამოთქმული აზრები ყველაზე დიდი წნეხია.
პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს, მაგრამ ეს გადაჭარბებული არ უნდა იყოს. ასეთი მეც მქონია, როდესაც თავი ძალიან კარგად მომზადებული მეგონა, მაგრამ გადამწყვეტი თამაში მაგრად ჩაგვიგდია. ამიტომ ზედმეტი წნეხი საჭირო არ არის.
მთავარია, გულშემატკივრებმა მათ მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატოთ. ლუქსემბურგი ბოლო წლებში თანაბრად თამაშობს ისეთ ნაკრებებთან, როგორებიც არიან ბოსნია, სლოვაკეთი, თურქეთი. ამიტომ რთული მატჩი გვექნება“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ზუკა რურუამ.